შტორმი (პერსონაჟი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „შტორმი (პერსონაჟი)“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. შტორმი (პერსონაჟი) ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.
შტორმი

შტორმი
გამოცემის ინფორმაცია
გამომცემელი Marvel Comics
პირველი გამოჩენა Giant-Size X-Men #1 (მაისი, 1975)
ავტორ(ებ)ი ლენ უეინი, დეივ კოკრუმი
დახასიათება
სრული სახელი ორორო მუნრო
სახეობა ადამიანი-მუტანტი
ფსევდონიმები "Beauty", Wind-Rider, "Stormy," Mutate #20, White King, "Goddess of the Plains", 'Ro
მოკავშირეები იქს-ადამიანები
ფანტასტიკური ოთხეული
განმათავისუფლებელი ქალბატონები
საიდუმლო შურისმაძიებლები[1]
იქს-ტრიმი იქს-ადამიანები
თორმეტნი
მორლოკსი
ჯოჯოხეთის ცეცხლის კლუბი
ექსტრემალურ სანქციათა აღმასრულებელი
შესაძლებლობა ამინდის მართვა;
ენერგიის დანახვა;
ფრენა;
მდგრადობა ექსტრემალურ ტემპერატურათა მიმართ;
ტემპერატურის მართვა;
იმუნიტეტი ტელეპატიისადმი

შტორმი (ორორო მონრო) — გამოგონილი სუპერგმირი, რომელიც Marvel Comics-ის მიერ გამოცემულ კომიქსებში ჩნდება. მისი დებიუტი 1975 წელს, გიგანტური ზომის იქს-ადამიანების პირველ ნომერში შედგა.[2] იგი ლენ უეინისა და დეივ კოკრუმის მიერაა შექმნილი, მის განვითარებაში თვალსაჩინო წვლილი კი კრის კლერმონმა შეიტანა.

შტორმი მუტანტია, რომელიც ამინდის მართვის გონებრივ უნარს ფლობს. მისი მშობლები სუეცის კრიზისის დროს დაიხოცებიან, თავად კი სახლის ნანგრევებში მოყვება, რის გამოც კლაუსტროფობიით დაავადდება. ხუთი წლის ორორო კაიროში დაიწყებს ცხოვრებას და მალე ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე დახელოვნებული ქურდი გახდება, ხოლო მოგვიანებით იგი აფრიკული ტომის ქალღმერთად იქცევა. ჩარლზ ქსავიეს თხოვნით ორორო იქს-ადამიანებს შეუერთდება, წლების შემდგომ კი გუნდის ლიდერი გახდება და თავის ცხოვრებას ადამიანებისა და მუტანტების მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის ბრძოლას მიუძღვნის. მოგვიანებით შტორმი საკუთარ გუნდს - იქს-ტრიმი იქს-ადამიანებს შექმნის და მასთან ერთად დესთინის დღიურების მოსაძებნად გაემართება. მალე, ადამიანებსა და მუტანტებს შორის მშვიდობის შესანარჩუნებლად, მისი გუნდი გლობალურ პოლიციურ ძალად - ექსტრემალურ სანქციათა აღმასრულებლად (XSE) გარდაიქმნება. ამავე პერიოდში შტორმი შავ პანტერაზე დაქორწინდება და უაკანდასა სამეფოს დედოფალი გახდება, თუმცა შურისმაძიებლებისა და იქს-ადამიანების დაპირისპირებისას ისინი განქორწინდებიან. შტორმი ჯინ გრეის სკოლის ხელმძღვანელი და ერთ-ერთი ყველაზე დამსახურებული ვეტერანი იქს-ადამიანია. იგი უტოპიის უშიშროების გუნდის ლიდერია. სერიების მანძილზე შტორმი ისეთი ავტორიტეტული პერსონაჟების ინტერესის ობიექტს წარმოადგენდა, როგორებიც არიან: არკონი, დრაკულა, დოკტორ დუმი და კანი. სავარაუდოდ, შტორმი ომეგა-დონის მუტანტია.[3]

კომიქსების გარდა შტორმი ცნობილია ანიმაციური სერიებიდან, ვიდეო თამაშებიდან და ფილმებიდან, რომლებშიც მას ჰალი ბერი ასახიერებს. 2008 წელს Marvel.com-მა შტორმი #3 საუკეთესო იქს-ადამიანად დაასახელა და იგი კომიქსების ისტორიაში ყველა დროის ერთ-ერთ უძლიერეს მდედრობითი სქესის პერსონაჟად და შავკანიან კომიქსის გმირად მოიხსენია.[4]

მონაწილეობა სერიებში

1970-იანი წლები

პირველად შტორმი 1975 წლის მაისში, გიგანტური ზომის იქს-ადამიანების პირველ ნომერში გამოჩნდა, რაც ჯილ კაინისა და დეივ კოკრუმის მიერაა შექმნილი.

შტორმი პირველად 1975 წელს, გიგანტური ზომის იქს-ადამიანების პირველ ნომერში გამოჩნდა, რომელშიც იქს-ადამიანების თავდაპირველ შემადგენლობას ახალი პერსონაჟებით დაკომპლექტებული გუნდი გადაარჩენს.[2] შტორმი კოკრუმის სუპერგმირთა ლეგიონის რამდენიმე წევრის მიხედვით შეიქმნა.[5]

1999 წელს კოკრუმმა ერთ-ერთ ინტერვიუში შტორმის დაბადებაზე ისაუბრა. მან განაცხადა, რომ სუპერგმირთა ლეგიონისთვის ახალი, შავგვრემანი ქალი პერსონაჟის შექმნა სურდა, რომლისთვისაც იგი „შავი კატის“ დარქმევას აპირებდა. მხატვარმა მას თავიდანვე შტორმის ჩაცმულობა შეურჩია, თუმცა მას შემდეგ, რაც კომიქსში ახალი ქალი-კატა - ტიგრა გამოჩნდა, კოკრუმი იძულებული გახდა, ცვლილებები შეეტანა თავისი პერსონაჟის გარეგნობაში. მან ახალ პერსონაჟს თმის ფერი შეუცვალა და მის ტანსაცმელს მოსასხამი დაუმატა. ასე დაიბადა შტორმი.

როდესაც კოკრუმს კოლეგებმა უთხრეს, რომ თეთრი თმა შტორმს ბებიის შესახედაობას აძლევდა, მან მათ უპასუხა: „მენდეთ“.[6]

შტორმით, განსაკუთრებით, მწერალი კრის კლერმონი მოიხიბლა, რომელმაც ახალი ისტორიების წერა დაიწყო, მათ შორის God Loves, Man Kills („ღმერთს უყვარს, ადამიანი კლავს“) და Dark Phoenix Saga („შავი ფენიქსის საგა“). სწორედ მათ დაეფუძნა ფილმი „იქს ადამიანების“ მეორე და მესამე ნაწილების სიუჟეტები. ორივე ნაშრომში შტორმი ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია. მათი წარმატების შედეგია ის, რომ კლერმონი 16 წლის მანძილზე შემორჩა Marvel Comics -ის მთავარ მწერლად და განსაკუთრებული წვლილი შეიტანა შტორმის განვითარებაში.

შტორმის წარსული პირველად შემზარავი იქს-ადამიანების (1976 წლის დეკემბერი) 102-ე ნომერში გაშუქდა. ოროროს დედა ენდეარი თეთრთმიანი და ცისფერთვალება გრძნეული ქალების უძველესი, სამეფო ხაზის შთამომავალი და აფრიკული ტომის პრინცესა იყო. მას უზომოდ უყვარდება აფრიკელ-ამერიკელი ფოტოჟურნალისტი დევიდ მუნრო. ისინი შეუღლდებიან და საცხოვრებლად ჰარლემში გადავლენ, სადაც იბადება შტორმი. როდესაც ოროროს 6 წელი შეუსრულდება, ოჯახი ეგვიპტეში გადაინაცვლებს. 5 წლის შემდგომ, სუეცის კრიზისის ჟამს ენდეარი და დევიდი იღუპებიან, მცირეწლოვანი ორორო კი გადარჩება. კომიქსის მიხედვით, იგი თავისი სახლის ნანგრევებში, დედის ცხედრის სიახლოვეს მოყვება. ამისი შედეგია შტორმისთვის დამახასიათებელი ძლიერი კლაუსტროფობია.

პატარა ორორო ცხოვრებას კაიროში დაიწყებს. მოგვიანებით იგი წინაპართა სამშობლოში ჩავა, სადაც ადგილობრივები მას ქალღმერთად მიიჩნევენ და განადიდებენ, ბოლოს კი იგი ჩარლზ ქსავიეს იქს-ადამიანებს შეუერთდება.[7]

შემზარავი იქს-ადამიანების (1979 წლის იანვარი) 117-ე ნომერში კლერმონმა კიდევ უფრო გააღრმავა მკითხველის ცოდნა შტორმის წარსულის შესახებ. კომიქსის მიხედვით, პროფესორ ქსავიეს ნანახი ჰყოლია პატარა ორორო იმაზე გაცილებით ადრე, ვიდრე მას საკუთარ გუნდში მიიღებდა. კაიროში ჩარლზიც გამხდარა მოხერხებული ქურდის სამიზნე. თავისი ტელეპატიის გამოყენებით პროფესორმა შეაჩერა იგი, თუმცა ამ დროს მას თავს ხელმწიფე-აჩრდილი დაესხა, მათი ორთაბრძოლისას კი ორორომ გაქცევა შეძლო.[8]

1980-იანი წლები

მომდევნო კომიქსებში კლერმონმა მკითხველს ორორო მშვიდ, გაწონასწორებულ, თავისუფალ პიროვნებად წარუდგინა, თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ შტორმს საკმაოდ გაუჭირდა დასავლურ კულტურასთან ადაპტაცია.[9] შემზარავი იქს-ადამიანების (1980 წლის ნოემბერი) 139-ე ნომერში შტორმი უკვე იქს-ადამიანების ლიდერია.[10] იგი განსაკუთრებით კიტი პრაიდს დაუახლოვდება. Marvel Team-Up-ის (1980 წლის დეკემბერი) მეასე ნომერი მკითხველს მოუთხრობს, თუ როგორ გადაარჩინა 12 წლის ორორომ შავი პანტერა, როდესაც იგი კენიაში დახეტიალობდა.[11] სწორედ ამ ამბავმა დაუდო საფუძველი ამ ორი პერსონაჟის შეუღლებას, რაც ათწლეულების შემდეგ მოხდა.[12]

X-Men Annual-ის მეხუთე ნომერში იქს-ადამიანები, ფანტასტიკურ ოთხეულთან ერთად, არკონის დასახმარებლად მიემართებიან. კომიქსის მიხედვით, ხვლიკისმსგავსი არსება — ბადუნი არკონის სამეფოს განადგურებას ცდილობდა. მას შემდეგ, რაც იქს-ადამიანები მტერს დაამარცხებენ, შტორმი და არკონი უკანასკნელად აკოცებენ ერთმანეთს, ვინაიდან ორორო უარს იტყვის მის ცოლობაზე.

80-იანი წლების ერთ-ერთ კომიქსში იქს-ადამიანები ბრუდს დაუპირისპირდებიან. მას შემდეგ, რაც შტორმი ბრუდად გარდაქმნას დაიწყებს, სასოწარკვეთილი, თავის მოკვლას გადაწყვეტს, თუმცა მას ვეშაპისმაგვარი უცხოპლანეტელი აკანტი გადაარჩენს.[13]

ამავე ნომერში კლერმონმა მკითხველს შტორმის პიროვნული სიძლიერე აჩვენა. კომიქსის მიხედვით, იქს-ადამიანების ერთ-ერთ წევრს, ანგელოზს, კანალიზაციაში მცხოვრები მუტანტები - მორლოკსი გაიტაცებენ. ისინი რაოდენობრივად ბევრად აღემატებიან იქს-ადამიანებს, გამოსავალი კი მათი ლიდერის, კალისტოს დამარცხებაში მდგომარეობს. მასთან შებრძოლებას ნაითქროლერი გადაწყვეტს, თუმცა შტორმი საკუთარ თავზე აიღებს ამ მისიას და, პრაღასთან ბრძოლაში მიღებული დაზიანებების მიუხედავად, დაამარცხებს მოწინააღმდეგეს.[14]

შტორმი პანკის გარეგნობით. პოლ სმიტის ნამუშევარი.

შემზარავი იქს-ადამიანების (1983 წლის ოქტომბერი) 173-ე ნომერში კლერმონმა და ილუსტრატორმა პოლ სმითმა თითქმის მთლიანად შეცვალეს შტორმის გარეგნობა, კერძოდ, მას ტყავის ტანსაცმელი ჩააცვეს, მისი ვარცხნილობა კი პანკის მოჰავკს დაამსგავსეს.[15] 2008 წელს სმითმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა: „[ეს იყო] ცუდი ხუმრობა, რაც ძალიან შორს წავიდა … მე ვიცოდი, რომ თმის შემოკლებას აპირებდნენ და, სახუმაროდ, მას მისტერ თის მოჰავკი დავადგი …“ რედაქტორმა ლუის სიმონსონმა ირონიით განაცხადა: ჩვენ გადავწყვიტეთ ჩაგვედინა პატარა დანაშაული, ცუდი ხუმრობა, რომელიც პანკის ვარცხნილობას დავუკავშირეთ… [16]

კომიქსის მიხედვით, ბრუდთან ბრძოლის შემდგომ შტორმის პიროვნება მკვეთრად იცვლება. იგი დროებით წყვეტს ურთიერთობას კიტი პრაიდთან და ნინძა იუკიოს, სამურავის ყოფილ შეყვარებულს უახლოვდება. ისინი სულ მალე საუკეთესო მეგობრები ხდებიან.

შტორმის პირადი ცხოვრების გადახალისების მიზნით კლერმონმა ახალი ამბავი გამოიგონა: ახალგაზრდა მუტანტი ფორჟი გამოიგონებს იარაღს, რომელსაც მუტანტების ძალის განეიტრალება შეუძლია. აშშს სამიზნეს ბოროტმოქმედი მუტანტი როუგი წარმოადგენს, მსხვერპლი კი სრულიად შემთხვევით შტორმი გახდება და სრულად დაკარგავს სუპერძალას. მას დაღუპვას ფორჟი გადაარჩენს, რომლის დახმარებით შტორმი სუპერძალის გარეშე ცხოვრებას ისწავლის. მალე მათ ერთმანეთი შეუყვარდებათ, თუმცა მათი ურთიერთობა მას მერე დასრულდება, რაც შტორმი შემთხვევით გაირიჩისა და ფორჟის საუბარს მოჰკრავს ყურს და შეიტყობს, რომ იარაღის შემქმნელი ეს უკანასკნელი ყოფილა.[17]

ამ ტრაგედიის მიუხედავად, კლერმონი კვლავინდებურად ცდილობდა მკითხველისათვის შტორმის პიროვნული სიძლიერე და სიმტკიცე ეჩვენებინა. შემზარავი იქს-ადამიანების (1986 წ.) ორას მეერთე ნომერში ძალადაკარგული ორორო ახერხებს ციკლოპის დამარცხებას და კვლავ იქს-ადამიანების ლიდერი ხდება.[18]

ოთხმოციანი წლების დასასრულს კლერმონმა ახალი კომიქსი შექმნა, სადაც შტორმის ვარცხნილობა და ჩაცმულობა კვლავ ნორმალურია. იქს-ადამიანები და ბოროტმოქმედ მუტანტთა გუნდი ჯოჯოხეთის ცეცხლის კლუბი დროებით ალიანსს შექმნიან.[19] შტორმი ფორჟთან ერთად სხვა განზომილებაში დაიკარგება, სადაც იგი სუპერძალას აღიდგენს.[20] მოგვიანებით შტომს რობოტი ნენი გაიტაცებს, რომელიც მას მეხსიერებას წაუშლის. შტორმს საკუთარი წარსული დაავიწყდება და, ხელმწიფე-აჩრდილის მიერ დევნილი, ძველ საქმიანობას - ქურდობას დაუბრუნდება.[21][22]

1991 წლის ოქტომბერში კლერმონმა „იქს-ადამიანების“ მეორე ნაწილზე დაიწყო მუშაობა. ახალ სერიებში შტორმი იქს-ადამიანების „ოქროს გუნდის“ ლიდერია. პარალელურად არსებობს „ლურჯი გუნდი“, ციკლოპის მეთაურობით. მალე, თექვსმეტწლიანი მუშაობის შემდეგ კლერმონმა შემზარავი იქს-ადამიანების (1975 წ.) 94-ე ნომრით დატოვა თანამდებობა. მისი ადგილი ჯიმ ლიმ დაიკავა, რომელსაც მოგვიანებით სკოტ ლობდელი ჩაენაცვლა. ლობდელმა კვლავ განაახლა სასიყვარულო ურთიერთობა შტორმსა და ფორჟს შორის. კომიქსის მიხედვით, ფორჟი ოროროს ხელს სთხოვს, თუმცა თავის წინადადებას მალევე გააუქმებს, რადგან ჩათვლის, რომ შტორმს იგი საკმარისად ძლიერად არ უყვარს.[23] ბოლოს, წყვილი შეძლებს ურთიერთობის მოგვარებას და ისინი მეგობრებად დარჩებიან.[24]

1990-იანი წლები

1995 წელს ლობდელმა შეთხზა ახალი ისტორია, სადაც იქს-ადამიანები კვლავ მორლოკსს ებრძვიან. შტორმი სასიკვდილოდ დაჭრის მაროუს, რომელსაც ორი გულიდან ერთ-ერთს ამოაცლის.[25]

შტორმის პირველი მინისერიები - „შტორმი“ 1996 წელს, უორენ ელისის ავტორობით გამოვიდა. სულ გამოიცა კომიქსის 4 ნომერი. შტორმი სხვა განზომილებაში იკარგება, სადაც იგი რუს ბოროტმოქმედ მუტანტ მიხეილ რასპურინს ებრძვის .[26]

2000-იანი წლები

„შემზარავი იქს-ადამიანების“ 478-ე ნომრის გარეკანი. სალვადორ ლაროკას ნამუშევარი. 2007 წ.

2001 წელს გამოიცა "იქს-ადამიანების" კიდევ ერთი, ძველ თანამდებობაზე ხელახლა დანიშნული კრის კლერმონის მიერ შექმნილი კომიქსი, სახელად იქს-ტრიმი იქს-ადამიანები, რომლის უკანასკნელი, 46-ე ნომერი, 2004 წელს გამოვიდა. აქ შტორმს საკუთარი გუნდი ჰყავს, რომელიც გამბიტს, როუგს, საგეს, ბიშოფს, პსილოკსა და სანდარბერდს აერთიანებს. კომიქსის მიხედვით, შტორმს კანი გაიტაცებს, რომელსაც მსოფლიოს დაპყრობა და მისი ცოლად შერთვა სურს, თუმცა შტორმი მას დაამარცხებს და თანაგუნდელებს დაუბრუნდება.

მოგვიანებით, მსოფლიოს მუტანტების გასაკონტროლებლად შტორმი ახალ გუნდს - ექსტრემალურ სანქციათა აღმასრულებელს (იგივე XSE) შექმნის და მას თავად ჩაუდგება სათავეში.[27]

2001 წელსვე ცნობილი გახდა, რომ შტორმი აფრიკელ სუპერგმირ შავ პანტერაზე აპირებდა დაქორწინებას.[28] აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ ორ პერსონაჟს შორის ადრე არასდროს ყოფილა სასიყვარულო კავშირი. Marvel Team-Up-ის (1980) მეასე ნომრის მიხედვით, ისინი ერთმანეთს პირველად კენიაში შეხვდნენ, როდესაც 12 წლის ორორომ ტჩალა რასისტებისგან იხსნა.[11]

ისინი „შავი პანტერას“ (2006 წლის ივლისი) მეთვრამეტე ნომერში დაქორწინდნენ.[29] ემის მფლობელმა დიზაინერმა შონ დუდლიმ შტორმის საქორწილო კაბის მოდელი დაამზადა და ფოტოები გაზეთ TV Guide-ის მეჩვიდმეტე ნომერში გამოაქვეყნა.[30] Marvel Comics -ის მთავარმა რედაქტორმა, ჯო ქუესადამ აღნიშნა, რომ შტორმისა და შავი პანტერას ქორწილი პრინცესა დიანასა და პრინც ჩარლზის ქორწილს წააგავდა.[31] მან ორივე პერსონაჟს ძალაში გამტკიცება უსურვა. შტორმი და ტჩალა დროებით ფანტასტიკურ ოთხეულს შეუერთდებიან (2007 წ.),[32] თუმცა შტორმი მალევე დაუბრუნდება მშობლიურ გუნდს [33] და გამაუგნებელი იქს-ადამიანების (#25) წევრი ხდება, მოგვიანებით კი იგი უტოპიის უშიშროების გუნდს ჩაუდგება სათავეში.

ბიოგრაფია

  • სრული სახელი: ორორო მუნრო
  • მეტსახელები: "Beauty," Wind-Rider, "Stormy," Mutate #20, White King, "Goddess of the Plains", 'Ro
  • დაბადების ადგილი: ნიუ-იორკი
  • ნათესავები: მამა - დევიდ მუნრო (გარდაცვლილი); დედა - ენდეარ მუნრო (გარდაცვლილი); ბიძა (დედის მხრიდან) - კოლონელი შეტანი
  • საქმიანობა: აფრიკელი პრინცესა; ქურდი; ქალღმერთი; სტუდენტი; უაკანდას დედოფალი
  • განათლება: სწავლობდა ქსავიეს ინსტიტუტში (ვესტჩესტერი, ნიუ იორკი)
  • მოქალაქეობა: აშშ, უაკანდას სამეფო
  • თანამშრომლობდა: X-Men; Fantastic Four, X-Treme Sanctions Executive, X-Treme X-Men, Tokyo Arena, Twelve, Brides of Set, Hellfire Club, Morlocks
  • სიმაღლე: 5'11"
  • წონა: 127 lbs.
  • თვალის ფერი: ცისფერი. ძალის გამოყენებისას ხდება თეთრი
  • თმის ფერი: თეთრი

ინფორმაცია შტორმის წარსულზე მწერალმა კრის კლერმონმა პირველად შემზარავი იქს-ადამიანების (1976 წ.) [7] 102-ე (მოგვიანებით, 117-ე)[8] ნომერში გამოაქვეყნა. 2005-2006 წლებში კი მწერლებმა მარკ სუმერაკმა და ერიკ ჯერომე დიკეიმ მოკრძალებული ცვლილებები შეიტანეს ოროროს წარსულში. (Ororo: Before the Storm[34] და Storm (II დონე)[35])

ორორო მუნრო თეთრთმიანი და ცისფერთვალება გრძნეული აფრიკელი ქალების უძველესი, სამეფო ხაზის შთამომავალია. დედამისი, კენიის ტომის პრინცესა ენდეარი ამერიკელ ფოტოჟურნალისტ დევიდ მუნროზე დაქორწინდება და საცხოვრებლად მანჰეტენში გადავა, სადაც დაიბადება ორორო. ექვსი თვის შემდეგ ოჯახი კაიროში გადაინაცვლებს, ხუთ წელიწადში კი, სუეცის კრიზისის დროს, მათ სახლს თვითმფრინავი შეეჯახება. ოროროს მშობლები დაიხოცებიან, თავად კი ნანგრევების ქვეშ, დედის ცხედრის სიახლოვეს მოყვება, რის შედეგად მიღებული ტრავმა მას დახურული სივრცის მიმართ ძლიერ შიშს გაუჩენს, რაც მას მთელი ცხოვრება გაჰყვება.[7]

ორორო სახლის ნანგრევებიდან თავის დაღწევას მოახერხებს. უსახლკაროსა და მიუსაფარს ქუჩის მაწანწალათა ხროვა იპოვის და მას თავის ლიდერთან, ახმედ ელ გიბართან მიიყვანს, რომელიც ოროროს ქურდის ხელობას ასწვლის. მალე ორორო მისი სანაქებო მოწაფე გახდება - შეუდარებელი საკეტების გახსნასა და ჯიბის ქურდობაში.[34] კაიროში ყოფნისას ორორო ერთ-ერთი ამერიკელი ტურისტის გაქურდვას გადაწყვეტს, თუმცა მისი „მსხვერპლი“ ძლევამოსილი მუტანტი ტელეპატი ჩარლზ ქსავიე აღმოჩნდება, რომელიც ახალგაზრდა ქურდს თავისი ტელეპატიით შეაჩერებს. ამ დროს ქსავიეს სხვა ტელეპატი მუტანტი - ხელმწიფე-აჩრდილი შეუტევს, ორორო კი თავს გაქცევით უშველის.[8]

წლების შემდგომ, სამხრეთით მოგზაურობის ძლიერი სურვილით შეპყრობილი ორორო კაიროს დატოვებს. მოგზაურობისას, გულუბრყვილობით, იგი სრულიად უცნობ მამაკაცს დაიმგზავრებს, რომელიც მის გაუპატიურებას შეეცდება. თავდაცვის მიზნით ორორო იძულებულია მოკლას იგი, სამაგიეროდ იგი დადებს ფიცს, რომ ადამიანის სიცოცხლეს აღარასდროს შეიწირავს. მოგზაურობა ძლიერ ხანგრძლივი და დამქანცველი აღმოჩნდება. ორორო ათასობით მილს გაივლის, საჰარას უდაბნოში ქანცგამოლეული კი სიკვდილს ძლივს გადაურჩება. მისი ზებუნებრივი ნიჭი - ამინდის მართვის გონებრივი უნარი - მალევე გამოვლინდება. თავის მუტანტურ შესაძლებლობებს პირველად იგი ტჩალას გადასარჩენად გამოიყენებს,[11][35] რომელიც უაკანდას აფრიკული სამეფოს პრინცი აღმოჩნდება. წყვილი მცირე ხნით ერთად იმოგზაურებს, რის შემდეგაც მათი გზები გაიყრება.

ბოლოს ორორო წინაპართა მამულში ჩააღწევს, რომელიც სერენგეტის დაბლობზე, კენიაში მდებარეობს. ტომის ერთ-ერთი წევრი, აინეტი მას შინ შეიპატიჟებს და ეტყვის, რომ იგი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს თავის ნიჭს. სულ მალე შტორმი თაყვანისცემის ობიექტად იქცევა, რომელსაც ადგილობრივი ტომები ქალღმერთის მსგავსად ეთაყვანებიან.

წლების შემდგომ ორორო იძულებული გახდება, შეებრძოლოს მუტანტ დელუჯს, რომელიც კაცობრიობაზე შურისძიებას გეგმავს. სუპერგმირთა გუნდი იქს-ადამიანების რამდენიმე წევრის დახმარები ორორო გაიმარჯვებს და თავის ტომს დაუბრუნდება. მის შესახებ იქს-ადამიანები თავიანთ ლიდერ ჩარლზ ქსავიეს უამბობენ, რომელიც განაცხადებს, რომ მას არ სურს ახალგაზრდა ქალს აცნობოს, თუ ვინაა იგი სინამდვილეში.

თვეების შემდგომ ქსავიე იძულებული გახდება ორორო და მსოფლიოს სხვა რამდენიმე მუტანტი საკუთარ გუნდში მიიღოს, რათა თავისი სტუდენტები ცოცხალი კუნძული კრაკოასგან დაიხსნას. ქსავიე ოროროს აუხსნის, რომ იგი არა ქალღმერთი, არამედ მუტანტია და მას აკისრია პასუხისმგებლობა, თავისი შესაძლებლობები მსოფლიოს სასიკეთოდ ისევე გამოიყენოს, როგორც ამას უწინ კენიის ტომებისთვის აკეთებდა. უცნაურია, მაგრამ ორორო დასთანხმდება პროფესორის შემოთავაზებას და იქს-ადამიანებს შეუერთდება სახელით „შტორმი“.[2]

თანამედროვე მსოფლიოსთან ადაპტაციაში შტორმს თაანაგუნდელი ჯინ გრეი დაემარება, რაც მათ ხანგრძლივ მეგობრობას განაპირობებს. ჯინი აგრეთვე ერთ-ერთი პირველი იქს-ადამიანი აღმოჩნდება, რომელიც შტორმის კლაუსტროფობიის შესახებ შეიტყობს მას შემდგომ, რაც ეს ორი მეტროპოლიტენში ქურდს დაედევნება.

გუნდში მრავალწლიანი მოღვაწეობის შემდეგ შტორმს იქს-ადამიანების ლიდერად აირჩევენ,[10] რადგან ჯინ გრეის გარდაცვალების გამო ციკლოპი მათ მიატოვებს. თავიდან შტორმს საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი შეეპარება, თუმცა გუნდის მხარდაჭერით იგი მალევე ჩინებული ლიდერი გახდება. ციკლოპის დაბრუნების შემდგომ, თუმცა კრახით დასრულდება ის მისია, რომელსაც შტორმი ხელმძღვანელობდა, იგი ძალას მოიკრებს და ციკლოპს შეახსენებს, რომ ახლა თავადაა ლიდერი.

მოგვიანებით იქს-ადამიანებს შეიპყრობს და კოსმოსში წაიყვანს უცხოპლანეტელთა რასა ბრუდი. ბრძოლის დროს შტორმი იგრძნობს, რომ ძალაზე კონტროლს კარგავს და აღმოაჩენს, რომ იგი ბრუდის კვერცხითაა დაინფიცირებული, რომლის გამოჩეკვის შემთხვევაში მას ბრუდად გარდაქმნა ემუქრება. გარემომცველი ვარსკვლავური ენერგიის შესრუტვის გზით სასოწარკვეთილი შტორმი ბრუდის ემბრიონს გაანადგურებს. ვაკუუმში იგი აუცილებლად დაიღუპებოდა სხვა უცხოპლანეტელი - აკანტი რომ არ გამოჩენილიყო. აკანტი მის დაზიანებულ სხეულს განკურნავს, შტორმი კი მას ბრუდისგან მისი რასის გათავისუფლებაში დაეხმარება. მტრის დამარცხების შემდგომ გაჯანსაღებული შტორმი თანაგუნდელებთან ერთად დედამიწას დაუბრუნდება.

მალე მუტანტების მიწისქვეშა საზოგადოება მორლოკსი იქს-ადამიანებს დაუპირისპირდება. ისინი გუნდის ერთ-ერთ ყოფილ წევრს, ანგელოზს გაიტაცებენ. მეგობრის დასახსნელად შტორმი მათ ლიდერ კალისტოს შეებმება და დუელში სუპერძალის გამოუყენებლად დაჯაბნის. შედეგად შტორმი მორლოკსის ლიდერი გახდება და მათ უბრძანებს, რომ ზედაპირზე მცხოვრები ადამიანებისგან თავი შორს დაიჭირონ.

როდესაც სამურავის ქორწილზე დასწრების მიზნით იქს-ადამიანები იაპონიაში წავლენ, შტორმი ნინძა იუკიოს გაიცნობს, რომელიც ყველაზე უდარდელი პიროვნება აღმოჩნდება, ვინც კი მას ოდესმე უნახავს. მალე ისინი საუკეთესო მეგობრები გახდებიან. იუკიო დიდ გავლენას მოახდენს შტორმზე. შედეგად ორორო ახალ იმიჯს შეიძენს - ტყავის ტანსაცმლითა და მოჰავკით იგი პანკს დაემსგავსება. შეიცვლება მისი ხასიათიც, კერძოდ, იგი უფრო უხეში გახდება.

მოგვიანებით შტორმის ძალას სპეციალური იარაღის მეშვეობით შემთხვევით გაანეიტრალებენ. დაუძლურებულ შტორმზე მზრუნველობას ტექნო-გენიოსი მუტანტი ფორჟი იკისრებს. მათ ერთმანეთი შეუყვარდებათ, თუმცა მათი ურთიერთობა ხანგრძლივი არ აღმოჩნდება და შეწყდება მას შემდეგ, რაც შტორმი შეიტყობს, რომ ხსენებული იარაღის შემქმნელი ფორჟი ყოფილა.[23]

სუპერძალის გარეშე დარჩენილი შტორმი იქს-ადამიანებს მიატოვებს და აფრიკაში დაბრუნდება. კაიროში იგი ქსავიეს ახალგაზრდა სტუდენტებით დაკომპლექტებულ გუნდ ახალ მუტანტებს შეუერთდება. ისინი წარსულში იმოგზაურებენ, სადაც შტორმი თავის ერთ-ერთ წინაპარს შეხვდება, რომელიც მათ შინ დაბრუნებაში დაეხმარება, რის შემდეგაც მათ ასგარდელი ოინბაზი ღმერთი - ლოკი გაიტაცებს. თავისი ნახევარძმის, ჭექა-ქუხილის ღმერთი ტორის დასამარცხებლად ლოკი შტორმს დაარწმუნებს, რომ იგი ქალღმერთია, თუმცა იქს-ადამიანების დახმარებით შტორმი გონს მოვა. იგი გუნდს დაუბრუნდება და ლიდერის ტიტულის მოსაპოვებლად ციკლოპს შეებრძოლება. კვლავინდებურად ძალადაკარგული შტორმი ბრწყინვალე გამარჯვებას მოიპოვებს და იქს-ადამიანების ლიდერი გახდება, ციკლოპი კი გუნდს დატოვებს. მალე, იქს-ადამიანები და ჯოჯოხეთის ცეცხლის კლუბი ალიანსს შექმნიან, რათა გაუმკლავდნენ იმ მზარდ საფრთხეს, რაც მუტანტებს ემუქრებათ. მათი თანამშრომლობა ხანმოკლე აღმოჩნდება, რამეთუ შტორმი გადაწყვეტს, რომ თავიანთი ოჯახებისა და მეგობრების დასაცავად იქს-ადამიანებმა სიკვდილი უნდა გაითამაშონ და მიწისქვეშა შემტევ ძალად უნდა გარდაიქმნან. ძალის აღსადგენად შტორმი ფორჟს მიაკითხავს, მის ნაცვლად კი იგი ფორჟის მოხუც აღმზრდელ ნაზეს იპოვის, რომელიც მას მოატყუებს, რომ ფორჟი ედვერსარისთან ერთად მსოფლიოს განადგურებას გეგმავს. შტორმი ფორჟს მთის მწვერვალზე იპოვის, სადაც, ერთი შეხედვით, იგი დემონებით სავსე პორტალის გაღებას ცდილობს. შტორმი მის შეჩერებას შეძლებს, რა დროსაც იგი შეიტყობს, რომ ფორჟი პორტალის გახნას კი არა, მის დაკეტვას ცდილობდა. შედეგად ედვერსარი დალასზე კონტროლს მოიპოვებს, დედამიწაზე ქაოსის წარმოსაქმნელად დროსა და სივრცეს დაამსხვრევს, შტორმსა და ფორჟს კი სხვა განზომილებაში გამოკეტავს.

ალტერნატიულ დედამიწაზე ისინი წელიწადს გაატარებენ. თავისი კიბერნეტიკული ფეხის კომპონენტებს ფორჟი შინ დასაბრუნებელი პორტალის გასააქტიურებლად გამოიყენებს, რის შემდეგაც ისინი იქს-ადამიანებს შეუერთდებიან და ედვერსარის დასამარცხებლად მათთან ერთად გაწირავენ თავს, თუმცა მათ რომა გააცოცხლებს.

მალე შტორმს რობოტი ნენი შეიპყრობს, რომელიც თავისი გეგმების განსახორციელებლად მისი შესაძლებლობების გამოყენებას შეეცდება. თავისი ტექნოლოგიების მეშვეობით ნენი შტორმის მოგონებებს წაშლის, თუმცა შტორმი მას გაუძალიანდება და მის აპარატს მწყობრიდან გამოიყვანს. იგი გაიქცევა, თუმცა მისი მეხსიერებიდან უკვე ამოშლილია იქს-ადამიანები. შტორმი კვლავინდებურად ქურდობას დაიწყებს, რასაც იგი ბავშვობაში აკეთებდა, სულ მალე კი იგი ხელმწიფე-აჩრდილის სამიზნედ იქცევა. შტორმს მტრისგან ახალგაზრდა მუტანტი გამბიტი იხსნის. ისინი დამეგობრდებიან და მეხსიერების აღდგენის შემდგომ შტორმი მას იქს-ადამიანებს წარუდგენს.

მოგვიანებით იქს-ადამიანებს გენოშას კუნძულის მკვიდრნი გაიტაცებენ, რომლებიც მუტანტებს მონებად იყენებენ. შტორმი მუტანტური ტრანსფორმაციის პროცესს გაივლის, რა დროსაც მას გონებას გამოურეცხავენ. საბედნიეროდ, გენოშელი გენეტიკოსი და მთავარი მაგისტრატი აჯანყებულთა გუნდის წევრები აღმოჩნდებიან. ისინი შტორმს ცნობიერებას დაუბრუნებენ, რაც იქს-ადამიანების გამარჯვებას განაპირობებს.

გავა დრო და იქს-ადამიანები ორ დამოუკიდებელ გუნდად დაიყოფა, შტორმისა და ციკლოპის თანალიდერობით. ფორჟი ამ გუნდების ტექნიკოსი გახდება, რაც შტორმისა და მისი ურთიერთობის განახლებას შეუწყობს ხელს. შტორმს იგი კვლავინდებურად სთხოვს ხელს, თუმცა შეცდომით მიიჩნევს, რომ ოროროს იგი გულწრფელად არ უყვარს და წავა მაშინ, როდესაც შტორმი თანხმობის მიცემას აპირებდა.

მოგვიანებით მარადიული მუტანტი აპოკალიფსი, ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად, თორმეტს შეკრებს. ესაა მუტანტების გუნდი, რომელმაც, წინასწარმეტყველების თანახმად, ოქროს ეპოქა უნდა წამოიწყოს. შტორმიც მათ რიგებშია. აპოკალიფსი დამარცხდება მხოლოდ მას შემდგომ, რაც ალტერნატიულ მომავალში შტორმის ძალის ყველაზე ექსტრემალური გაფართოება მოხდება, სადაც იგი მეტად ძლევამოსილ არსებად გარდაიქმნება.

მალე შტორმი ხუთ თანაგუნდელთან ერთად გამოეყოფა იქს-ადამიანებს და ახალ გუნდს - „იქს-ტრიმი იქს-ადამიანებს“ შექმნის. ისინი ძირითად გუნდთან ყოველგვარ კავშირს გაწყვეტენ და ბრმა მუტანტი დესთინის დღიურების მოსაძებნად წავლენ, რათა შეიტყონ, თუ რა ბედი ელით მუტანტებს. ავსტრალიაში ყოფნისას შტორმი და გამბიტი ძალების გაერთიანებას გადაწყვეტენ. აქვე გაირკვევა ის, რომ შტორმის დედისეულ ძვირფას ქვას, გააქტიურების შემთხვევაში, განზომილებათაშორისი პორტალის გახსნა შეუძლია. გამბიტი მისი უსაფრთხოების შემოწმებას გადაწყვეტს მას შემდეგ, რაც რამდენიმე ამგვარი ქვა საიდუმლო ვითარებაში გაუჩინარდება. ამ დროს მას სხვა განზომილების მკვიდრი შაიტანი შეუტევს, რომელიც გამბიტს შეიპყრობს, ქვას კი მოიპარავს. პორტალის გასააქტიურებლად შაიტანი ხსენებულ ქვებსა და გამბიტის მუტანტურ შესაძლებლობას გაიყენებს და ამგვარად დედამიწაზე თავისი ბატონის - კანის არმიას გადმოიყვანს.

შტორმის იქს-ადამიანები შეებრძოლებიან დამპყრობლებს, თუმცა შტორმს მადრიპურელი ვაიპერი დაჭრის, რის შემდეგაც მას კანი დაატყვევებს, რომელიც შტორმის ცოლად შერთვას გადაწყვეტს და თავის ექიმებს მის განკურნებას უბრძანებს. შტორმი შეძლებს კანის დარწმუნებას, რომ მან დროებით უარი უნდა თქვას თავისი დამპყრობლური გეგმების განხორციელებაზე. ამასობაში იქს-ადამიანები პორტალის დაკეტვას ცდილობენ. კანის საყვარლებს შტორმის უპირატესობის შეშურდებათ და მის მოკვლას განიზრახავენ. შტორმი გაიმარჯვებს და, ჭრილობების მიუხედავად, კანს ხელიდან დაუსხლტება, პორტალის განადგურების შემდგომ კი იგი თავის გუნდს დაუბრუნდება.

დაზიანებული ზურგისა და ფეხების განსაკურნად შტორმი ფიზიკური თერაპიის კურსს გაივლის, გამოჯანმრთელების შემდეგ კი მას და მის თანაგუნდელებს იქს-სახლში დაბრუნებასა და იქს-ადამიანების ძირითად გუნდთან შერწყმას შესთავაზებენ. შტორმი უარს იტყვის, რადგან მიიჩნევს, რომ გუნდს კიდევ დარჩა საქმე გასაკეთებელი. მსოფლიო სამიტის ჟამს, რაც მუტანტებსა და ადამიანებს შორის არსებულ დაძაბულობას ეძღვნება, შტორმი გაერთიანებული ერების ორგანიზაციას მუტანტთა გლობალური პოლიციური ძალის (XSE) შესაქმნელად თავისი გუნდის რესურსების გამოყენებას შესთავაზებს, რაზეც მას დასთანხმდებიან კიდეც.

შტორმისა და შავი პანტერას ქორწილი. „შავი პანტერას“ (2006 წ.) მე-18 ნომრის გარეკანი. ფრანკ ჩოს ნამუშევარი.

პირველი მისიის სახით შტორმს მონებით მოვაჭრე მიწისქვეშა საზოგადოების გამოაშკარავება დაევალება, რომელიც მუტანტებს გლადიატორული ტიპის არენებზე ბრძოლას აიძულებს. დავალებას შტორმი თავს წარმატებით გაართმევს. თანდათანობით XSE მსოფლიოსათვის ბევრ სასიკეთო საქმეს გააკეთებს. მოგვიანებით შტორმს ხვლიკისებრი საუკ კა შეიპყრობს, რომელიც მისი ძალის გამოყენებით გლობალური ჰიპერ-შტორმის წარმოქმნასა და კაცობრიობის განადგურებას შეეცდება, თუმცა შტორმს თანაგუნდელი რეიჩელი გადაარჩენს. მოგვიანებით ორორო ჰავოკის იქს-ადამიანებს შეუერთდება და აფრიკაში ცხოველური მუტაციების გასანადგურებლად გაემართება. შავ პანტერასთან ერთად ორორო და იქს-ადამიანები გენოშელ მეცნიერს, დოკტორ პეინსა და რუს კრიმინალ წითელ მოჩვენებას დაამარცხებენ, რის შემდეგაც შტორმი იქს-ადამიანების მიტოვებასა და აფრიკაში დარჩენას გადაწყვეტს.

ალისფერი ჯადოქრის მიერ დამსხვრეული რეალობის აღდგენის შემდეგ მსოფლიოს მუტანტთა უმრავლესობა ძალას დაკარგავს და შტორმი აფრიკაში შერჩენილ ყოფილ მუტანტებზე ზრუნვას იკისრებს. ამასობაში, შავი პანტერა მას ხელს სთხოვს. უაკანდაში დაბრუნების შემდეგ ორორო მის დედას შეხვდება და ტჩალას წინადადებაზე ყოყმანისას შეიტყობს, რომ თავისი ბიძა შეტანი აფრიკელ მუტანტებზე განხორციელებულ თავდასხმებშია დამნაშავე. მასთან გამკლავების შემდეგ შტორმი თავის ბებიას შეხვდება და წინაპართა შესახებ ბევრ სიახლეს შეიტყობს. ბოლოს იგი დასთანხმდება ტჩალას და წყვილი უაკანდაში დაქორწინდება.[29] თაფლობის თვის შემდგომ ისინი მსოფლიო ტურნეს წამოიწყებენ და ისეთ გლობალურ ლიდერებს შეხვდებიან, როგორებიც არიან დოკტორ დუმი და ნამორი. ამის შემდეგ ისინი აშშ-ს ზეადამიანთა სარეგისტრაციო აქტის (SRA) წინააღმდეგ გლობალური ალიანსის ჩამოყალიბებას გადაწყვეტენ. აშშ-ში ჩასვლის შემდეგ ტჩალა და ორორო პრეზიდენტთან შეხვედრას მოისურვებენ. შტორმს ზეადამიანად დარეგისტრირებას მოსთხოვენ, მისგან სასტიკი უარის მიღების შემდეგ კი მის დასაპატიმრებლად რკინის კაცსა და მცველებს გააგზავნიან,რომლებიც მოგვიანებით შტორმის მხარეს გადავლენ. ბოლოს, სარეგისტრაციო აქტის წინააღმდეგ გალაშქრებას ორორო და ტჩალა შეერთებულ შტატებში დარჩენასა და ფაქტების მოძიებას ამჯობინებენ. სიუსა და რიდის შვებულებაში ყოფნისას ისინი დროებით შეუერთდებიან ფანტასტიკურ ოთხეულს, რის შემდგომაც შტორმი შემზარავ იქს-ადამიანებს დაუბრუნდება.

მოგვიანებით ხელმწიფე-აჩრდილი შავი პანტერას გონებას დაეუფლება. მის კონტროლ ქვეშაა ციკლოპიც, რომელიც იქს-ადამიანების განადგურებას შეეცდება. შტორმი შეაჩერებს მას, თუმცა ხელმწიფე-აჩრდილი მის გონებას დაეუფლება, სადაც მას პანტერა ღმერთი ბასტი შეებრძოლება, რომელიც შტორმის თხოვნით მის ფსიქიკაში იმალებოდა. ბასტი დაამარცხებს მოწინააღმდეგეს, რის შემდგომაც შტორმი იქს-ადამიანებთან დარჩენას გადაწყვეტს.[36]

შესაძლებლობები

შტორმს გარემომცველ ტემპერატურასთან ავტომატური ადაპტაციის უნარი აქვს, ამგვარად მას საკუთარი სხეულის გამოყენება თვით ელვის გამტარადაც კი შეუძლია.

შტორმი მუტანტია, რომელიც განსაზღვრულ არეში ამინდის მართვის გონებრივ უნარს ფლობს.[37] მას შეუძლია წარმოქმნას ნალექის ნებისმიერი ფორმა, როგორიცაა წვიმა ან სეტყვა, განსხვავებული სიძლიერის ქარები, ურაგანის ჩათვლით, ელვა და სხვაგვარი ელექტრული ატმოსფერული ფენომენი, თავის სიახლოვეს შეუძლია გაზარდოს ან შეამციროს სინესტე და ტემპერატურა,[38] აგრეთვე გაფანტოს ამგვარი ამინდი.

ძალის გამოყენებისას შტორმი მყარი მატერიის ცვლილებაზე უკეთ ენერგიის ცვალებას აღიქვამს. ამ დროს იგი კინეტიკური, თერმული და ელექტრომაგნიტური ენერგიათა მოძრაობას ხედავს და შეუძლია ისინი სურვილისამებრ გამოიყენოს განსხვავებული ეფექტების წარმოსაქმნელად, რაც ძირითადად ამინდის მართვასთანაა ხოლმე დაკავშირებული. შტორმი ბუნებასთან, მის ელემენტებთან მტკიცედაა დაკავშირებული. იგი შეიგრძნობს მათ, ისინი კი მისი ემოციების ცვლილებაზე რეაგირებენ. ბუნებასთან ამგვარი კავშირის ქონის გამო შტორმს ხშირად უწევს ექსტრემალურ გრძნობებთან გამკლავება, რათა თავისდა უნებურად გამხეცებული ამინდი არ წარმოქმნას.

შტორმის ამინდის მართვის უნარი იმდენად სრულყოფილია, რომ მას შეუძლია წარმოქმნას გარკვეული ეფექტები კონკრეტულ არეში ისე, რომ არ შეეხოს ამავე რეგიონში არსებულ მცირე არეებს. მაგალითად, იგი თავის ირგვლივ წარმოქმნის წვიმას იმგვარად, რომ სხეულს ოდნავაც არ დაისველებს. შტორმს აგრეთვე შეუძლია ატმოსფერული ფენომენის წარმოქმნა მეტად მცირე არეების თავზე. ამის მაგალითია ისეთი წვიმა, რომელიც ერთადერთ ქოთნის მცენარეს რწყავს.

შტორმის ზებუნებრივი შესაძლებლობების წყარო ის პლანეტაა, რომელზეც იმყოფება, რაც იმას ნიშნავს, რომ ფიზიკური თუ სულიერი სიმტკიცის მიუხედავად იგი იმ პლანეტისა თუ ვარსკვლავის ძალითაა შეზღუდული, რომელზეც ან რომლის სიახლოვესაც მდებარეობს. მაგალითად, როდესაც ის წარმოქმნის წარღვნას, ეს წყალი არაფრისგან არ ჩნდება - შტორმი მას დედამიწისგან იღებს; კონკრეტულ ადგილას ინტენსიური წვიმების მოვლენით მას შეუძლია ბოლო მოუღოს გვალვას, რისთვისაც მას ირგვლივ არსებული სინესტის გამოყენება დასჭირდება. შტორმს არ შეუძლია იმგვარი ატმოსფერული პირობების შექმნა, რაც ბუნებრივად არ არსებობს იმ პლანეტაზე, რომელზეც იმყოფება. მაგალითად, მას არ შეუძლია დედამიწაზე ტემპერატურა ისე გაზარდოს, რომ ის მზის ტემპერატურას გაუთანაბროს, თუმცა ერთხელ, დედამიწაზე ყოფნისას მან იმაზე უფრო მაღალი წნევა წარმოქმნა, ვიდრე ეს იუპიტერზეა.

ჯერჯერობით უცნობია იმ ტერიტორიის ფარგლები, რომელზეც შტორმის ზეგავლენა ვრცელდება, თუმცა იყო შემთხვევა, როდესაც მან შტორმების წარმოქმნა შეერთებული შტატების მთელი აღმოსავლეთ სანაპიროს თავზე შეძლო. მას არ უჭირს ამინდის ეფექტების წარმოქმნა როგორც დახურულ სივრცეებში, ისევე ხელოვნურად შექმნილ გარემოში.

შტორმს შეუძლია ფრენა. იგი წარმოქმნის ქარის ნაკადებს, საკმარისად ძლიერს იმისათვის, რომ გაუძლონ მის ანდა სხვა ადამიანებისა თუ ობიექტების წონას. ამგვარად, მას შეუძლია გადაადგილდეს ქარის სისწრაფით და მიაღწიოს 480 კმ/სთ სიჩქარესაც კი, ან აფრინდეს ატმოსფეროს დასალიერამდე. ატმოსფეროზე კონტროლი შტორმს საშუალებას აძლევს ისუნთქოს ნებისმიერი სიჩქარით მოძრაობისას, იცავს მას ჰაერის წინაღობისგან, ასევე აღჭურავს განსაზღვრული იმუნიტეტით ძლიერი სიცივისა და სიცხის მიმართ.

შტორმს ხელი მიუწვდება ატმოსფერულ წნევაზეც, წარმოქმნის რა წნევის გუმბათს, რათა აისხლიტოს შემოტევები, თუმცა ამ უნარს იგი მხოლოდ თავდაცვის მიზნით არ იყენებს. წნევის მეშვეობით შტორმმა ისეთი მასიური ობიექტების განადგურება შეძლო, როგორიც სკრალის კოსმოსური ხომალდებია. შტორმის მოქმედება ჰაერზე იმდენად სრულყოფილია, რომ მას ადამიანის ფილტვებში არსებული ჰაერისა და ყურის შიდა წნევის მართვაც შეუძლია, რაც აუტანელ ტკივილებს იწვევს. ჰაერში არსებული სინესტის წყალობით შტორმი გარდატეხს მზის სხივებს, ნისლისა და ბურუსის მართვის უნარის მეშვეობით კი იგი სრულიად უჩინარი ხდება.

შტორმის ძირითადი იარაღი ელვაა. ზეციდან ელვის ჩამოგდებით მას შეუძლია დააბრმავოს, გონება დააკარგვინოს ან სრულად დაწვას მოწინააღმდეგეები. თავისი მუტანტური შესაძლებლობების გამოყენებისას შტორმი იმ ენერგიის ნაწილი ხდება, რასაც მართავს. ამგვარად, მას შეუძლია გატყორცნოს ამინდის ეფექტები თავისი სხეულიდან. მაგალითად, მას ძალუძს გამოუშვას ელვა, ძლიერი სიცივე თუ სიცხე ხელებიდან. ობიექტებისა და ადამიანების დიდი ოდენობით გადასაადგილებლად შტორმი წარმოქმნის ძლიერ ტორნადოებს, ურაგანებსა და სხვაგვარ ქარებს, რომელთა მეშვეობით მას მთელი შენობისა და თვით ჰალკის მიწიდან მოწყვეტა შეუძლია. ერთხელ შტორმმა იქს-ადამიანების მწყობრიდან გამოსული, ცეცხლმოკიდებული ბლეკბერდი, რომლის წონა 300 ტონას უდრის, უსაფრთხოდ დასვა მიწაზე. ესაა ქარის მართვის უნარის ერთ-ერთი ყველაზე გამაუგნებელი დემონსტრაცია, თუმცა ამ ქმედობამ მთელი მისი ენერგია შეიწირა და იგი ფიზიკურად სრულიად გამოფიტა. შტორმს შეუძლია წარმოქმნას ძლიერი წვიმა, მოავლინოს უეცარი წარღვნა, საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ წალეკოს ველური მიწის დინოზავრები. ტენიანობისა და ტემპერატურის მართვის უნარი შტორმს საშუალებას აძლევს, თვალის დახამხამებაში ცოცხლად გაყინოს ადამიანები და ობიექტები. ერთხელ, როდესაც შტორმმა თავის ძალაზე კონტროლი დაკარგა, მსოფლიო კიდევ ერთი გამყინვარების საფრთხის წინაშე დადგა.

შტორმი წარმოქმნის ურაგანს.

შტორმს ამინდის მართვა სიტყვიერადაც შეუძლია. ზოგჯერ ის ამინდს ისე ესაუბრება, როგორც გენერალი თავის არმიას და ამინდიც ემორჩილება მას. შტორმის შესაძლებლობები იცვლება სხვა პლანეტასა თუ განზომილებაში გადასვლისას. გარე კოსმოსში, ვარსკვლავთან სიახლოვისას, იგი მზის ქარების მართვასაც ახერხებს. თუ იგი ვარსკვლავისგან მოშორებითაა, ამ ძალის გამოყენება მის დიდ კონცენტრაციას საჭიროებს, თუმცა, სადაც არ უნდა იმყოფებოდეს იგი, მას ყოველთვის შეუძლია თავისი ელვის იმედი იქონიოს. შტორმის გარემოსთან ადაპტაციის უნარი არც წყლის დიდი მასებით იზღუდება, რადგან იგი ოკეანის დინებებს ისევე მართავს, როგორც ქარის ნაკადებს. შტორმი ასევე გრძნობს, თუ სად მდებარეობს ესა თუ ის ობიექტი მაშინაც კი, როდესაც საქმე ოკეანის ყველაზე ღრმა ნაწილებს ეხება. როგორც ჩანს, მასზე არ მოქმედებს არც უკიდურესაც დაბალი ტემპერატურა და არც ზემაღალი წნევა, რადგან იგი უპრობლემოდ დაცურავს ამგვარ სიღრმეებში.

შტორმს შეუძლია გამოიყენოს ღრუბლები და ნისლი მოწინააღმდეგეთა ხედვის არის დასახშობად, ჭექა-ქუხილის დამაყრუებელი ხმები კი მათ დასაფრთხობად.

ძალის გამოყენებისას შტორმი ხედავს, თუ როგორ გადაეცემა იმპულსები ტვინიდან ნერვულ სისტემას, რის გამოც იგი მოწინააღმდეგის ყველაზე სწრაფი შემოტევების მოგერიებას ახერხებს.

შტორმს ამინდი არ ვნებს - არც ელვა და არც ტემპერატურა. მას არ უჭირს ელექტრული შემოტევების მოგერიება, თუმცა წარსულში იყო შემთხვევა, როდესაც იგი ელვით (ელექტრული ბლასტით) დააზიანეს, ერთხელ კი, როდესაც შტორმი გამხეცებულ ამინდთან ადაპტაციას შეეცადა, იგი იმდენად გამოიფიტა, რომ სიკვდილს ძლივს გადაურჩა. როგორც ჩანს, რაც უფრო მეტ გამოცდილებას იღებს იგი, ამინდიც მით უფრო ნაკლებად ვნებს მას.

ისეთ ძლიერ ტელეპათებს, როგორებიც არიან: ჩარლზ ქსავიე, ჯინ გრეი, რეიჩელ სამერსი და ემა ფროსტი, უჭირთ შტორმის გონებაში შეღწევა. ბავშვობაში მან ხელმწიფე-აჩრდილიც კი დაჯაბნა, რომელთან გამკლავება თვით ჩარლზ ქსავიესაც კი რთული საქმეა.

შესაძლოა შტორმი იმაზე მეტ შესაძლებლობას ფლობდეს, ვიდრე ეს კომიქსებში გამოჩნდა. შავი პანტერას 21-ე ნომერში მცველებმა ის ომეგა-დონის მუტანტად მიიჩნიეს.[3] შემზარავი იქს-ადამიანების 147-ე ნომერში უკიდურესად გამძვინვარებული შტორმი ელექტრობის საფარველში გაეხვია და მისი თმა ელვად გარდაიქმნა. ყოფილა შემთხვევა, როდესაც მან მილიონობით ვარსკვლავისა და პლანეტის ენერგიის გამომუშავება შეძლო.

შტორმი ჩინებული ლიდერია. იგი შესანიშნავადაა გაწაფული საკეტების გახსნაში, ქურდობაში, ბრძოლასა და სხვადასხვაგვარი საბრძოლო იარაღების გამოყენებაში. თავისი პიროვნული და ფიზიკური სიძლიერე და გონების გამჭრიახობა მან არაერთხელ დაამტკიცა. მათგან აღსანიშნავია ორი შემთხვევა: პირველი, როდესაც მან სუპერძალის გამოუყენებლად დაამარცხა კალისტო და მეორე, როდესაც ძალადაკარგულმა ციკლოპს სძლია და კვლავინდებურად იქს-ადამიანების ლიდერი გახდა.

სხვა ვერსიები

დედამიწა 616-ის გარდა, შტორმი Marvel-ის სამყაროს სხვადასხვა ალტერნატიულ მსოფლიოში გამოჩნდა, სადაც ფაქტები და მოვლენები არ შეესაბამება „ნამდვილი შტორმის“ ისტორიას, თუმცა არც რამენაირ გავლენას ახდენს მასზე.

აპოკალიფსის ეპოქა

ჯოჯოხეთურ რეალობაში, რომელიც აპოკალიფსის ეპოქის სახელითაა ცნობილი, შტორმი იქს-ადამიანების წევრია. ამ მსოფლიოში იგი გაცილებით სასტიკი და უხეშია. მისი შეყვარებულია კვიკსილვერი. მარცხენა თვალთან მას ელვის ფორმის შავი ტატუ აქვს, თმა კი მოკლედ აქვს შეჭრილი.[39]

Marvel-ის ზომბები

რეალობაში, სადაც უცხოპლანეტელთა ვირუსით დასნეულებული მუტანტები ხორცისმჭამელ ზომბებად გარდაიქმნებიან, ტორთან, დოკტორ სთრეინჯთან, კოლოსთან და ნაითქროლერთან ერთად შტორმი ერთ-ერთი უკანასკნელი "ჯანმრთელი" მუტანტია. ზომბად გარდაქმნის შემდგომ იგი დოკტორ დუმის სასახლეს, მაგნეტოსა და რიდ რიჩარდსს შეუტევს.

დაქორწინება ფორჟზე

ახალი იქს-ადამიანები მკითხველს შტორმის ალტერნატიულ მომავალს სთავაზობს. ამ რეალობაში იგი ფორჟის მეუღლე ოროროა. ისინი ბედნიერად ცხოვრობენ ტეხასში და ორი შვილი ჰყავთ. დროში მოგზაურობისას მუტანტებზე მონადირე რობოტი ნიმროდი შემთხვევით ამ მსოფლიოში აღმოჩნდება. იგი ოროროს მოკლავს, ფორჟს შვილების დახოცვით დაემუქრება და მას თავის დროში სამოგზაურო სისტემას შეაკეთებინებს, რის შემდეგაც იგი დედამიწა 616-ზე გადაინაცვლებს და ახალ იქს-ადამიანებს შეებრძოლება.

მომავალი წარსულის დღეები

ალტერნატიულ რეალობაში მომავალი წარსულის დღეები შტორმი ერთ-ერთი ბოლო მუტანტია, რომელსაც მცველები გაანადგურებენ.[39][40]

დედამიწა იქსი

ამ ალტერნატიულ მსოფლიოში ”დედოფალი შტორმი” შავ პანტერაზეა დაქორწინებული, რაც დედამიწა 616-ზე შვიდი წლის შემდეგ მოხდება.[39][41]

მაგნეტოს სახლი

ალისფერი ჯადოქრის მიერ შექმნილ მსოფლიოში შტორმი კენიის პრინცესაა. გადამწყვეტი ბრძოლის დროს, მის ძალას როუგი შთანთქავს.

მუტანტი იქსი

ბლადშტორმი კომიქსიდან მუტანტი იქსი #1 (1998 წლის ოქტომბერი)

ამ ალტერნატიულ რეალობაში შტორმი ვამპირი ბლადშტორმია, რომელსაც, ამინდის მართვასთან ერთად, ნისლად და ცხოველად გარდაქმნა შეუძლია.

ამალგამ კომიქსები

ამალგამ კომიქსებში, რაც Marvel-ისა და DC კომიქსების თანამშრომლობით გამოიცა, შტორმი სუპერძალის მფლობელი მუტანტია, რომელსაც დახრჩობას ამაზონების დედოფალი ჰიპოლიტა გადაარჩენს. ამ რეალობაში შტორმს არა კლაუსტროფობია, არამედ ჩაძირვის შიში ტანჯავს. პატარა ოროროს ჰიპოლიტა აღზრდის. იგი ამაზონების პრინცესა გახდება, მოგვიანებით კი JLX-ს შეუერთდება, რაც გარდამავალ რგოლს წარმოადგენს DC კომიქსების სამართლიანობის ლიგასა და Marvel-ის იქს-ადამიანებს შორის. შტორმს გუნდის ლიდერად აირჩევენ.[42].

ლიმბო შტორმი

შემზარავი იქს-ადამიანების 160-ე ნომერში[43], ისევე, როგორც მინისერიებში Magik (Illyana and Storm)[44] ორორო ხნიერი ჯადოქარია, რომელიც სიცოცხლის დარჩენილ წლებს ლიმბოს დემონურ სამეფოში ატარებს. აქ იგი წინაპრების ხელობას - გრძნეულებას მისდევს, რადგან ელემენტებზე მისი გავლენა შესუსტებულია. ლიმბოზე პირველობის მოსაპოვებლად იგი დემონ ბელასკოს შეებრძოლება, თუმცა მას კიტი პრაიდის დემონური სახესხვაობა - კატა მოკლავს[39].

Ultimate Marvel

ამ რეალობაში შტორმი Ultimate X-Men-ის შემქმნელია. იგი მაროკოელი ემიგრანტია, რომელიც ჰარლემში ცხოვრობდა და თავს მანქანების ქურდობით ირჩენდა. "ნამდვილი შტორმისგან" განსხვავებით მას თავისი სუპერძალის მართვა უჭირს. გარდა ამისა, მას თანაგუნდელი მხეცი მოსწონს, რომელსაც ვერ გაუგია, თუ რატომ აირჩია იგი უმშვენიერესმა ორორომ. როდესაც 2004 წლის აპრილის ნომერში მხეცი თითქოს დაიღუპა[45], გულმოკლულმა ორორომ მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა თავის გარეგნობაში[46]. აღსანიშნავია, რომ მწერალმა ბრაიან ვაუგანმა შტორმის წარსული ახალი ელემენტებით გადაახალისა: იური ოიამა, იგივე ლედი დესსტრაიკი და ორორო წლების წინ პარტნიორები ყოფილან, რომლებიც ერთად იპარავდნენ მანქანებს, თუმცა მათი მეგობრობა მტრობაში მას შემდეგ გადაზრდილა, რაც იური იქს-იარაღად - ლედი დესსტრაიკად აქციეს[47]. მოგვიანებით რომანი გაებმება შტორმსა და სამურავს შორის, თუმცა მხეცის გამოჩენისთანავე ორორო მას დაუბრუნდება. აპოკალიფსის დამარცხების შემდგომ, შტორმი პროფესორი ქსავიეს კოლეჯში დაბრუნდება, როგორც მასწავლებელი და იქს-ადამიანების ერთ-ერთი წევრი.

რა იქნება, თუ...?

სერიებმა "რა იქნება თუ...?" (What If...?) მკითხველს Marvel-ის პერსონაჟებისთვის სხვადასხვაგვარი ალტერნატიული რეალობები შესთავაზა. მე-2 ტომის მე-12 ნომერში შტორმი ასგარდის ქალღმერთია[48]. მე-40 ნომერში იგი იქს-ადამიანების წევრობას ქურდად დარჩენას ამჯობინებს[49]. 74-ე ნომერში მას მისტერ სინისტერი იქს-ადამიანების პოტენციურ ახალწვეულად შეარჩევს[50]. 79-ე ნომერში შტორმი ფენიქსის ძალას ფლობს და თავს შტორმფენიქსს უწოდებს. იგი ტირანია, რომელიც მოწინააღმდეგეებს ატმოსფეროში ყინავს. ბოლოს, იგი იღუპება[51]. 114-ე ნომერში შტორმი სამურავზე ქორწინდება. მათ ქალიშვილი - ტორენტი შეეძინებათ[52]. აღსანიშნავია, რომ შტორმისა და სამურავის ურთიერთობა გაშუქდა ანიმაციური სერიალი იქს-ადამიანების სერიაში "ერთი კაცის ფასი" (1995)[39][53].

მსგავსება სხვა პერსონაჟებთან

  • შტორმისა და სამურავის შვილ ტორენტს, დედის მსგავსად, თეთრი თმა აქვს, შეუძლია ამინდის მართვა და ფრენა.
  • დედოფალი ლა დისნეის ანიმაციური სერიალიდან ლეგენდა ტარზანის შესახებ, შტორმის მსგავსად, აფროამერიკელია, თეთრი თმითა და ამინდის მართვის უნარით. მას ისე ეპყრობიან, როგორც ქალღმერთს, მსგავსად შტორმისა, რომელსაც აფრიკელი ტომები ეთაყვანებოდნენ.

სხვა მედიაში

კომიქსების გარდა შტორმი ანიმაციურ სერიალებში, სრულმეტრაჟიან ფილმებსა და ვიდეო თამაშებში გამოჩნდა. გარდა ამისა, არსებობს მისი სათამაშოები და ატრაქციონი.

ტელევიზია

შტორმი იქს-ადამიანები: ევოლუციიდან

შტორმი მონაწილეობდა 1990-იანი წლების ანიმაციურ სატელევიზიო სერიალში იქს-ადამიანები. პირველ სეზონში, აგრეთვე მეორე სეზონის პირველ შვიდ სერიაში მას ლონა მორისი ახმოვანებს, სხვაგან კი ელისონ სილი-სმიტი. აღსანიშნავია, რომ შტორმს აქაც ტანჯავს შიში ჩაკეტილი სივრცის მიმართ. იგი ფორჟით არაა დაინტერესებული, განსხვავებით სამურავისგან (”ერთი კაცის ფასი”). სერია ”შტორმის ფრონტში” (ნაწ. 1 და 2) ორორო არკონს პლანეტის გადარჩენაში ეხმარება. არკონი მას ხელს სთხოვს, რაზეც შტორმი უარს განაცხადებს. მეორე სეზონში ხელმწიფე-აჩრდილის შესაჩერებლად როუგი და შტორმი აფრიკაში ჩავლენ, მტერს დაამარცხებენ და ასტრალურ სამყაროში დააბრუნებენ. სერია "ველურ მიწაში" (ნაწ. 1 და 2) შტორმი საურონს ებრძვის, რომელიც ველური მიწის მთავარი ბოროტმოქმედია.

შტორმი აგრეთვე მონაწილეობს შემდეგ ანიმაციურ სერიალებში:

იგი ასევე გამოჩნდა: 1994 წლის ანიმაციური სერიალი ადამიანი-ობობას მეორე სეზონის I, IV და V სერიებში, აგრეთვე საიდუმლო ომების სამივე სერიაში, ადამიანი-ობობა და მისი გასაოცარი მეგობრების სამ სერიაში, რობოტი წიწილას ერთ სერიაში (”სოსისის ფესტივალი”), ხოლო მსგავსი პერსონაჟი, თოვლის მართვის უნარით, გამოჩნდა კოდური სახელი: ბავშვები მომდევნო ოთახიდან-ის სერია "ოპერაცია N.A.U.G.H.T.Y."-ში.

ფილმები

შტორმი (ჰალი ბერი) ფილმიდან „იქს-ადამიანები, უკანასკნელი ბრძოლა“ (2006 წ.)

შტორმი მონაწილეობს ფილმებში: „იქს-ადამიანები“ (2000 წ.), „X2“ (2003 წ.), „იქს-ადამიანები, უკანასკნელი ბრძოლა“ (2006 წ.) და „იქს-ადამიანები: მომავალი წარსულის დღეები“ (2014 წ.), რომლებშიც მას ოსკარის მფლობელი მსახიობი ჰალი ბერი ასახიერებს.[54][55]

პირველ ორ ნაწილში სამურავთან და ჯინ გრეისთან შედარებით შტორმი ნაკლებ ეპიზოდში ჩანს, მესამე ნაწილში კი ახალმა რეჟისორმა ბრეტ რატნერმა ბერის პერსონაჟი წინ წამოსწია.[56] ფილმში „იქს-ადამიანები, უკანასკნელი ბრძოლა“ ქალი სუპერგმირის როლის საუკეთესოდ შესრულებისათვის („Best Female Action Hero“) ჰალი ბერი People’s Choice Awards-მა დააჯილდოვა. ჯილდოს მიღებისას მსახიობმა ფანებს მოუწოდა, პროდიუსერ ტომ როთმანისთვის მიეწერათ, სურდათ თუ არა მათ იქს-ადამიანები 4-ის ხილვა[57].

ვიდეო თამაშები

შტორმი მონაწილეობს შემდეგ ვიდეო თამაშებში:

შტორმი ვიდეო თამაშიდან X-Men Legends II: Rise of Apocalypse

მნიშვნელობა და ჯილდოები

Marvel Comics-ისა და DC Comics-ის ისტორიაში შტორმი ერთ-ერთი პირველი შავკანიანი პერსონაჟი და პირველი შავკანიანი ქალი სუპერგმირი იყო. მის შექმნამდე მხოლოდ რამდენიმე შავკანიანი მამრობითი სქესის პერსონაჟი არსებობდა. იგი მალევე იქცა კომიქსის ყველაზე ცნობილ და პოპულარულ შავკანიან გმირად. დოკტორ დუმის, ჰალკისა, და ადამიანი-ობობის მსგავსად Marvel-ის სუპერგმირების კუნძულზე შტორმსაც აქვს საკუთარი ატრაქციონი, რაც ნისლის ეფექტებითა და ელვისმაგვარი ნათებითაა გაფორმებული. შტორმი პირველი ქალი სუპერგმირი და იქს-ადამიანების პირველი წევრია, რომელსაც Marvel-ის სუპერგმირთა კუნძულზე ატრაქციონი ერგო.[58]

2007 წლის Glyph Comics Awards-ზე შტორმმა გაიმარჯვა ნომინაციაში ”Best Comic”. ჟურნალი Wizard-ის სიაში "200 საუკეთესო კომიქსის პერსონაჟი" შტორმი 89-ე ადგილზეა, IGN-ის "100 საუკეთესო კომიქსის გმირს" შორის მან 42-ე,[59] "25 საუკეთესო იქს-ადამიანს" შორის კი მე-8 ადგილი დაიკავა.[60] Marvel.com-ის 10 საუკეთესო იქს-ადამიანიდან შტორმი მესამეა. ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ იგი ერთ-ერთი უძლიერესია როგორც მდედრობითი სქესის, ისევე შავკანიან პერსონაჟთაგან არა მარტო იქს-ადამიანების, არამედ მთელი კომიქსების ისტორიაში.[4] Comics Buyer's Guide-ის კომიქსების 100 ყველაზე სექსუალურ ქალს შორის შტორმი 30-ე ადგილზე გავიდა.[61]

აღსანიშნავი კომიქსები

დებიუტი (Giant-Size X-Men #1, 1975); წარსული (X-Men #102, 1976; X-Men #117, 1979; Ororo: Before The Storm #1-4, 2005; Marvel Team-Up #100, 1980; X-Men: The Hidden Years #5-7, 2000); შეუერთდა ”იქს-ადამიანებს” (Giant-Size X-Men #1, 1975); გახდა მორლოკსის ლიდერი (Uncanny X-Men #170, 1983); შეხვდა იუკიოს (Uncanny X-Men #172, 1983); დაკარდა სუპერძალა (Uncanny X-Men #185, 1984); შეხვდა ფორჟს (Uncanny X-Men #186, 1984); გახდა ”ელვათა დედოფალი” (New Mutants Special Edition #1/X-Men Annual #9, 1985); აღიდგინა სუპერძალა (Uncanny X-Men #226, 1988); დაკარგა მეხსიერება (Uncanny X-Men #253, 1989); შეხვდა გამბიტს (Uncanny X-Men #267, 1990); აღუდგა მეხსიერება (Uncanny X-Men #272, 1991); დაუბრუნდა იქს-ადამიანებს (X-Men #1, 1991); ფორჟმა ხელი სთხოვა (Uncanny X-Men #290, 1992); შექმნა იქს-ტრიმი იქს-ადამიანები (X-Men #109, 2001); შეებრძოლა კანს (X-Treme X-Men #10-16, 2002); ჩაიტარა ფიზიკური თერაპიის კურსი (X-Treme X-Men: Xposé #1, 2003); შეიქმნა XSE (X-Treme X-Men #35, 2004); იბრძოდა ტოკიოს არენაზე (X-Treme X-Men #36-39, 2004), დაუბრუნდა იქს-ადამიანებს (X-Treme X-Men #46, 2004); შავმა პანტერამ ხელი სთხოვა (Black Panther #14, 2006); დაუბრუნდა იქს-ადამიანებს (Uncanny X-Men #487, 2007).

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Avengers ტ. 4 #19
  2. 2.0 2.1 2.2 Giant Size X-Men #1, 1975
  3. 3.0 3.1 Black Panther #21
  4. 4.0 4.1 http://marvel.com/news/story/2399/take_10_greatest_x-men
  5. Meth, Clifford (1993 წლის აგვისტო). "How a Typhoon Blew in Success". Wizard: X-Men Turn Thirty. გვ. 50–52.
  6. Cooke, John B.. The Marvel Days of the Co-Creator of the New X-Men. ციტირების თარიღი: 2006-12-01.
  7. 7.0 7.1 7.2 Uncanny X-Men #102, 1976 წლის დეკემბერი
  8. 8.0 8.1 8.2 Uncanny X-Men #117, 1979 წლის იანვარი
  9. Uncanny X-Men #109, 1978 წლის თებერვალი
  10. 10.0 10.1 Uncanny X-Men #139, 1980 წლის ნოემბერი
  11. 11.0 11.1 11.2 Marvel Team-Up #100, 1980 წლის დეკემბერი
  12. Weiland, Jonah. Hudlin & Dickey talk Black Panther/Storm Wedding. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-06-20. ციტირების თარიღი: 2006-12-01.
  13. Uncanny X-Men #162-#166, სექტ. 1982-თებ. 1983
  14. Uncanny X-Men #169-170, მაისი-ივნისი 1983
  15. Uncanny X-Men #173, 1983 წლის ოქტომბერი
  16. Marvel Spotlight: Uncanny X-Men 500 Issues Celebration, p. 20
  17. Uncanny X-Men #185-186, 1984
  18. Uncanny X-Men #201, 1986
  19. New Mutants (ახალი მუტანტები) (I ნაწ.) #51, 1987
  20. Uncanny X-Men #225-227, იანვარი-მარტი 1988
  21. Uncanny X-Men #253-257, ნოემბ. 1989-იანვ. 1990
  22. Uncanny X-Men #265-267, აგვისტო-სექტემბერი 1990
  23. 23.0 23.1 Uncanny X-Men #289-290, 1992 წლის ივნისი
  24. Uncanny X-Men #306, 1993 წლის ნოემბერი
  25. Uncanny X-Men #325, 1995 წლის ოქტომბერი
  26. Storm #1-4, თებ-მაისი 1996
  27. X-Treme X-Men #1-46, ივლისი 2001-ივნისი 2004
  28. newsarama.com. Black Panther/Storm wedding conference. ციტირების თარიღი: 2006-12-01.
  29. 29.0 29.1 Black Panther #18, 2006 წლის ივლისი
  30. Keith Dallas. Storm's Wedding Dress Unveiled In TV Guide დაარქივებული 2008-11-27 საიტზე Wayback Machine. , The Internet's Most Diverse Comic Webzine დაარქივებული 2008-11-08 საიტზე Wayback Machine. april 16, 2006. Accessed July 3, 2008.
  31. ქუესადა, ჯო. Joe's Friday 31, a weekly Q&A with Joe Quesada. ციტირების თარიღი: 2006-12-01.
  32.  Dwayne McDuffie (w),  Paul Pelletier (p),  ფანტასტიკური ოთხეული  #544 (2007 წლის მარტი)  Marvel Comics
  33. რიჩარდ ჯორჯი (2007-03-18). „Endangered X-Men Build to Fall Event“. IGN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-03-22. ციტირების თარიღი: 2007-03-19.
  34. 34.0 34.1 Ororo: Before the Storm #1-4, აგვ-ნოემბ. 2005
  35. 35.0 35.1 Storm (II დონე) #1-6 მინისერიები, აპრ-ნოემბ. 2006
  36. X-Men: Worlds Apart 1-4
  37. marvel.com. Storm: Marvel Universe. ციტირების თარიღი: 2006-12-01.
  38. მას შეუძლია "წარმოქმნას როგორც ნელი სიო, ასევე ყველაზე საშინელი ქარიშხალი" Marvel-ის ენციკლოპედია, მეორე ტომი: იქს-ადამიანები. Marvel Comics. (2003-04-01). განახლების თარიღი 2008-04-19. ISBN 0-7851-1199-9.
  39. 39.0 39.1 39.2 39.3 39.4 uncannyxmen.net. Spotlight on Storm: Alternate Versions. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-06-02. ციტირების თარიღი: 2006-12-01.
  40. Uncanny X-Men #141-142, 1981 იანვ.-თებ., Marvel Comics, მწერალი კრის კლერმონი
  41. Earth X, დაიწყო 1999 წ., Marvel Comics, შემქმნელები: ჯიმ კრუეგერი და ალექს როსი
  42. Amazon #1, 1996 წლის აპრილი, Amalgam Comics, ტერი ოსტინი და ჯონ ბირნი
  43. Uncanny X-Men #160, 1982 წლის აგვისტო, Marvel Comics, მწერალი კრის კლერმონი
  44. Magik #1-4, 1983 დეკ. - 1984 მარტ., Marvel Comics, მწერალი კრის კლერმონი
  45. Ultimate X-Men #44, 2004 წლის აპრილი, Marvel Comics, მწერალი ბრაიან ბენდისი
  46. Ultimate X-Men #46, 2004 წლის ივნისი, Marvel Comics, მწერალი ბრაიან ბენდისი
  47. Ultimate X-Men: Shock and Awe arc, 2005, Marvel Comics, მწერალი ბრაიან ვაუგანი
  48. What If? (2 ნაწ.) #12, 1990, Marvel Comics
  49. What If? (2 ნაწ.) #40, 1992 წლის აგვისტო, Marvel Comics, მწერალი Ann Nocenti
  50. What If? (2 ნაწ.) #74, 1995 წლის ივნისი, Marvel Comics, მწერალი საიმონ ფურმანი
  51. What If? (2 ნაწ.) #79, 1995, Marvel Comics
  52. What If? (2 ნაწ.) #114, 1998, Marvel Comics
  53. bcdb.com. იქს-ადამიანები: ანიმაციური სერიები: "ერთი კაცის ფასი, ნაწ. 1 და 2". ციტირების თარიღი: 2006-12-01.
  54. Joseph McCabe, "Halle Berry Suits Up for X-Men: Days of Future Past", "SuperHeroHype", 04 მარტი, 2013
  55. http://www.superherohype.com/news/articles/177641-20th-century-fox-sets-dates-for-independence-day-2-assassins-creed-apes-and-x-men
  56. imdb.com. Berry Returns to X-Men for Bigger Role?. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2004-06-22. ციტირების თარიღი: 2007-01-30.
  57. youtube
  58. Universal Orlando. Storm Force Acceleration. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-11-28. ციტირების თარიღი: 2006-12-01.
  59. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-05-08. ციტირების თარიღი: 2013-07-10.
  60. http://comics.ign.com/articles/708/708826p4.html
  61. ბრენტ ფრანკენჰოფი (2011). Comics Buyer's Guide Presents: 100 Sexiest Women in Comics. Krause Publications. გვ. 26. ISBN 1-4402-2988-0